ონკოპაციენტები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ. ისინი აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, 8 აპრილიდან კანცელარიასთან გადაინაცვლებენ.
ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტები უკვე რამდენიმე თვეა მკურნალობის სრულად დაფინანსებას და მოქმედი პროგრამის - წლიურად 25 000 ლარიანი ლიმიტის მოხსნას ითხოვენ. ასევე, მათ მოთხოვნებში შედის მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების ბაზარზე შემოტანა და დაფინანსების დროულად მიღების უზრუნველყოფა.
10 დღის წინ, ონკოპაციენტები ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს შეხვდნენ. ორგანიზაცია კავშირი სიცოცხლისთვის დამფუძნებელმა, გვანცა აფხაიძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სარჯველაძესთან ყველა პრობლემაზე ისაუბრეს.
მიხეილ სარჯველაძემ დრო ითხოვა, რათა ონკოპაციენტების პრობლემები "შეესწავლა". თუმცა ამ დრომდე უცნობია, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ჯანდაცვის უწყება.
"ჩვენ 12 მარტს გვქონდა შეხვედრა ბატონ მიხეილ სარჯველაძესთან, მაგ გვთხოვა 10 დღე პრობლემებში გასარკვევად, თუმცა 20 მარტს მე გავიგე Facebook-ით, რომ თურმე შეკრებილან ონკოპაციენტების პრობლემებზე განსახილველად, სადაც ჩვენ მიწვეულები არ ვიყავით. ვერც გავიგეთ, რა მოხდა ამ შეხვედრაზე და თქვეს, რომ აპირებენ ერთიანი პროტოკოლების დანერგვას, რაც ჩვენი მოთხოვნა საერთოდ არ იყო. ჩვენ ვითხოვთ პერსონალიზებულ, ინდივიდუალურ მიდგომას ყველა პაციენტთან, იმიტომ, რომ დღეს მსოფლიო სტანდარტით პერსონალიზებული მედიცინა არის ყველა წამყვან ქვეყანაში.
ჩვენი მოთხოვნები არ შეცვლილა. ჩვენ ვიტხოვთ ლიმიტის გაუქმებას, 25 000 ლარიანი ლიმიტი აუცილებლად უნდა გაუქმდეს. იმიტომ, რომ აპრილის თვიდან უკვე ძალიან ბევრ პაციენტს ამოეწურება ლიმიტი და ისინი ვერ შეძლებენ ამ თანხების საკუთარი ჯიბიდან გადახდას, მოუწევთ მკურნალობის შეწყვეტა [...] ვაძლევთ 8 აპრილამდე ჯანდაცვის სამინისტროს დროს, რომ შეასრულოს ყველა ჩვენი მოთხოვნა. ჩვენ მოთხოვნას არაფერი არ აკლდება, ჩვენ მოთხოვნას თუ დაემატება მხოლოდ მოთხოვნები და თუ ჩვენ არ შეგვისრულდება მოთხოვნები, 8 აპრილიდან გადავინაცვლებთ კანცელარიასთან და 24 საათიან პროტესტს დავიწყებთ ონკოპაციენტები", - აცხადებს ორგანიზაცია კავშირი სიცოცხლისთვის დამფუძნებელი, გვანცა აფხაიძე.